"კონსევატიული პარტიის" წევრი ნინო გოგუაძე ვიდეოთვალის ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს.
როგორც გოგუაძემ (რომელიც ამავე დროს ცესკოს წევრია) დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში უკანასკნელი ორი ძირითადი არჩევნების პერიოდში საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის შედეგებმა უჩვენეს, რომ ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის არსებობა უბანზე საარჩევნო პროცესის გამჭვირვალეობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
"საარჩევნო უბნები, რომლებიც ამ სისტემით იყო აღჭურვილი, ძირითად შემთხვევებში დარღვევების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდებოდნენ. რამდენიმე შემთხვევაში სწორედ ვიდეოსისტემის საშუალებით იქნა აღმოჩენილი საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრების მხრიდან ჩადენილი დარღვევები; ამდენად, კომისიის წევრს მნიშვნელოვნად მიაჩნია 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის ყველა საარჩევნო უბანზე გამოყენება, მათ შორის, გამონაკლისი წესით შექმნილ საარჩევნო უბნებზე, რითაც მნიშვნელოვნად შეეწყობა ხელი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას", - განაცხადა გოგუაძემ.
მისი განმარტებით, იგი სრულიად ეთანხმება ეუთოს 2009 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიშით განსაზღვრულ შენიშვნებს ვიდეოთვალის ჩანაწერების გასაჯაროების და შეუზღუდავი ხანგრძლივობით ხელმისაწვდომობის შესახებ. ამისთვის იგი თხოვნით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილება საარჩევნო კოდექსში და 2010 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის ვიდეოთვალის ჩანაწერები გახდეს საჯარო და ხელმისაწვდომი.
საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას ვიდეოთვალის ჩანაწერებთან დაკავშირებით იზიარებენ და მხარს უჭერენ ცესკოს წევრები ოპოზიციური პარტიებიდან, ასევე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც.