"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი მელაშვილის აზრით, ზურაბ ნოღაიდელი "დამნაშავეა", რის კონტექსტშიც ოპოზიციურ სპექტრს მასთან ურთიერთობის გადახედვას ურჩევს.
"ოპოზიციის პრობლემა ის არის, რომ ცდილობს, საზოგადოებაში შექმნას განწყობა, რომ საქართველოს ხსნა არის ფორმულაში "ნაციონალურ მოძრაობას მინუს სააკაშვილი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა ის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც სააკაშვილის გვერდზე იდგა და ახლა ოპოზიციაშია, იმ დანაშაულის თანამონაწილეა, რომელიც სააკაშვილმა ჩაიდინა... ნოღაიდელის გუშინდელი განცხადება, რომელმაც მისთვის დამახასიათებელი უტიფრობით აღნიშნა, რომ ის არის მთავარი მოთამაშე ოპოზიციურ ფლანგზე, შეურაცხმყოფელია. კარგი იქნება, თუ ოპოზიციური ძალები მასთან ურთიერთობაზე დაფიქრდებიან, რადგან, მიმაჩნია, რომ ოპოზიციას, რომელსაც ისეთი ლიდერები ეყოლება, როგორიც ნოღაიდელია, არც ჩვენი და არც საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა არასდროს ექნება", - განუცხადა მელაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე შეფასებით, ნოღაიდელი დამნაშავეა, თუმცა არა იმიტომ, რომ "ვიღაცას შეხვდა", არამედ იმიტომ, რომ იმ მთავრობას ხელმძღვანელობდა, რომელმაც ქართველ ხალხს უბედურება მოუტანა.