საპარლამენტო უმცირესობა და უმცირესობის გარეთ მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარი ხელფასის ხარჯზე ნარკოტიკებზე შემოწმებას თმის ღერის ეტოდით ჩაიტარებენ. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დღეს სესიაზე უმცირესობის სახელით გააკეთა და დასძინა, რომ ამ ინიციატივას უმცირესობის გარეთ მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.
"საზოგადოებრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად მზად ვართ ჩვენივე ხარჯებით ჩავიტაროთ ეს გამოკვლევა და მაგალითი მივცეთ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. მან ისიც აღნიშნა, რომ სამხარაულის სახელობის ლაბორატორიაში ამ ანალიზის ჩატარება უახლესი პრაქტიკით ანუ თმის ღერის საშუალებით შესაძლებელია და ამასთან ანალიზის ჩატარება გაჟღერებულ 150 და 170 ლარზე გაცილებით იაფია.
ლორთქიფანიძის ამ ინიციატივას დავით ბაქრაძეც გამოეხმაურა. "არ მივეკუთვნები იმ დეპუტატებს, ვისაც თმის ღერის ჩაბარების პრობლემა აქვს",- განაცხადა ბაქრაძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი კი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი მხოლოდ მაგალითის მიცემით ვერ გადაწყდება.
"ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც პერიოდულ და შერჩევით შემოწმებას დააკანონებს, რომელიც საუკეთესო საშუალება იქნება პრევენციისათვის", - განაცხადა გიგი წერეთელმა.