დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი დონორ, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაინდურაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე მან წარადგინა ანგარიში ჩატარებული სამუშაოების შესახებ, რომელიც საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ასევე სამომავლო გეგმები აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით.
"შევაფასეთ 2009 წლის რეფორმები, მათ შორის, საბიუჯეტო კოდექსი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, ასევე მომზადდა შიდა აუდიტის პროგრამა, რომელიც ასევე წარდგენილია პარლამენტში განსახილველად. განვიხილეთ შემოსავლების სამსახურში ადმინისტრირების გაიოლების კუთხით განხორციელებული რეფორმები", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კახა ბაინდურაშვილმა.
საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდამჭერი პროექტიმოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტის მომზადებასა და შესრულებას, ნაღდი ფულისა და ვალდებულებების მართვას, სახელმწიფო ვალის მართვას, შემოსავლების დაგეგმვის მეთოდს, სახაზინო ოპერაციებს, საბუღალტრო აღრიცხვას, სახელმწიფო შესყიდვებს, ადამიანური რესურსების მართვას, სახელფასო ანგარიშგებას, ფინანსურ აუდიტს და საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას.