დღეს, 23 მარტს, 17:00 საათზე, ~ხელოვნების აკადემიაში~ ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის წარმომადგენლები ქართული მწერლობის გერმანული თარგმანის პრეზენტაციას გამართავენ.
ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორის მანანა თანდაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული სალონის მიზანია ევროპის გემრანულენოვან ქვეყნებში ქართველი მწერლების ნაწარმოებების პოპულარიზაცია, საავტორო საღამოებისა და ლიტერატურული დისკუსიების მოწყობა.
ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის თბილისური პრეზენტაცია ~ხელოვნების აკადემიაში~ გაიმართება, სადაც ქართველი მწერლები, გამომცემლობები და ლიტერატურის კრიტიკოსები, გერმანიისა და შვეიცარიის საელჩოს, DAAD-სა და გოეთეს თბილისის ინსტიტუტის წარმოამდგენლები არიან მიწვეულნი.
აღნიშნული სალონი მიმდინარე წლის იანვარში ფრანკფურტის ლიტერატურულ სახლთან თანამშრომლობით დაარსდა, რომელიც ციურიხის, ბერნის, ბამბერგის ქართულ და გერმანულ საზოგადოებებთან, ლიტერატურულ სააგენტოებთან და გამომცემლობებთან აქტიურად თანამშრომლობს.