ბელარუსში ვიზიტის დროს, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კოულმა განაცხადა, რომ აშშ-მა რამდენიმე ბელარუსულ ბანკისა და კომპანიის მიმართ დაწესებული სანქციები გააუქმა.
კოულმა ამის შესახებ მინსკში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კოულის თქმით, ბელარუსის ფინანსთა სამინისტროსთვის, ბელარუსის განვითარების ბანკისთვის და „ბელინვესტბანკისთვის“ დაწესებული სანქციები მოიხსნება.
გარდა ამისა, აშშ-ის სანქციების სიიდან ამოიღებენ „ბელარუსული კალიუმის კომპანიას“ და „ბელარუსკალის“, რომლებიც კალიუმის სასუქების მთავარი მწარმოებლები არიან.
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეზღუდვები სწრაფად მოიხსნება და აღნიშნა, რომ მან ეს საკითხი მინსკში ვიზიტამდე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან განიხილა.