აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა აფხაზეთში დამატებითი რუსული შეიარაღების შეტანასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც მთავრობის თავმჯდომარე გია ბარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 15-16 მარტს, გუდაუთის სამხედრო რუსულ ბაზაზე დამატებით 20 ერთეული მძიმე ტექნიკა შეიტანეს, აქედან 8 - თანამედროვე, მოდერნიზებული, ე.წ. ბეტეერის ტიპის საბრძოლო მანქანა, 11 კი ტანკია.
"ასევე შეყვანილ იქნა დამატებითი ცოცხალი ძალაც 120 ჯარისკაცის რაოდენობით", - განმარტა ბარამიამ.
ამასთან, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, კონფლიქტის ზონაში ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი სამხედრო ბაზების მშენებლობაც.
"კერძოდ თაგილონში, ფიჩორში, მეორე ოტობაიაში, საბერიოში და ლეკოხურაში", - აცხადებს ბარამია.
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით, მთელ აფხაზეთის რეგიონში ამ დროისთვის რუსეთის სამხედრო არსენალი 120-150-მდე მძიმე საბრძოლო ტექნიკას და 4 000-მდე ჯარისკაცს შეადგენს.