აფხაზეთის ე.წ. მთავრობის ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ აფხაზეთის რკინიგზის საკითხი ჯერ ჯერობით მხოლოდ და მხოლოდ აფხაზეთისთვისაა მომგებიანი, ხოლო რუსეთისათვის ამ საკითხს არავითარი ეკონომიკური სარგებელი არ აქვს.
"ჩვენ რკინიგზა გვჭირდება და ორი აზრი ამაში არ არსებობს. თუმცა საკუთარი სახსრებით მის რემონტს, ექსპლუატაციასა და მიხედვას ვერ შევძლებთ. ეს ჩვენთვის ძალიან ხარჯიანი საქმეა. სწორედ ამიტომაც უნდა ვეძებოთ გზები იმისათვის, რომ გავაკეთოთ ყოველივე ეს ჩვენთვის მაქსიმალური სარგებლით", _ აცხადებს შამბა და ერთ ერთ ყველაზე მისაღებ ვარიანტად კონსორციუმს ასახელებს, რომლის მეშვეობითაც აფხაზეთს რკინიგზის საკუთრებაში შენარჩუნების საშუალება ექნება.
"რუსეთის რკინიგზის პრობლემა კი დღეისათვის არის ის, რომ ჩვენი გზა სატრანზიტოდ არ გამოიყენება, ამიტომაც ჯერ ჯერობით მათთვის აფხაზეთის რკინიგზა დიდ ინტერესს არ წარმოადგენს. თუმცა ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენი რკინიგზა გეოპოლიტიკურად და სტრატეგიულად საინტერესოა, იმიტომ, რომ პერსპექტივაში მას შეუძლია დააკავშიროს რუსეთი სომხეთსა და ირანთან", _ აცხადებს სერგეი შამბა.