. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა №5 ქალთა და არასრულწლოვანთა საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში არასრულწლოვანი გოგონებისთვის ცალკე საცხოვრებელი - საძინებელი, საკლასო კაბინეტი და სამასწავლებლო გახსნა.
ამასთან, მინისტრმა დაწესებულებას მათთვის საჭირო წიგნები და საკანცელარიო ნივთები გადასცა.
არასრულწლოვანი გოგონებისთვის ცალკე საცხოვრებელი საერთაშორისო ორგანიზაცია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით გაკეთდა და გარემონტდა.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და აღნიშნული ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით არასრულწლოვანი მსჯავრდებული გოგონებისთვის ამჟამად ყველა აუცილებელი და საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული პირობაა შექმნილი. საძინებელი აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით, მათ შორის ტელევიზორით, DVD ფლეერით და კომპიუტერით. შესაბამისი ინვენტარით არის მოწყობილი საკლასო და სამეცადინო კაბინეტიც, რაც არასრულწლოვნების სრულფასოვან განათლებას შეუწყობს ხელს.
№5 ქალთა და არასრულწლოვანთა საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში სასჯელს სამი არასრულწლოვანი გოგონა იხდის. ისინი დღემდე ქალ მსჯავრდებულებთან ერთად ცხოვრობდნენ. პროექტი 2009 წლის მარტში დაიწყო და მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმის ნაწილია, რომლის მიზანია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების რეაბილიტაციასა და მათ საზოგადოებში რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს.