ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის წევრი მათიას იორში იმედოვნებს, რომ 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნები "კარგ გარემოში" ჩატარდება.
"იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოში გამოცხადებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიულად ჩაივლის", - განუცხადა იორშმა ჟურნალისტებს ქართველ ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ამასთან, მისივე განმარტებით, ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოისმენენ სპეციალურ დასკვნაში აისახება, რომლის განხილვაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, აპრილში მოხდება.
"რუსეთთან ომის შემდეგ ჩვენ საქართველოში ომის თემაზე სასაუბროდ რამდეჯერმე ჩამოვედით, თუმცა დღეს პირველი შემთხვევაა, როცა აქ არა ომზე, არამედ მონიტორინგის საკითხზე სასაუბროთ ვიმყოფებით. დღის წესრიგში რამდენიმე საკითხი დგას - საკონსტიტუციო რეფორმები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ეროვნული უმცირესობა", - განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ მათიას იორში და კასტრიო ისლამი თბილისში დღეს დილით ჩამოვიდნენ. ისინი უკვე შეხვდნენ ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. 16:00 საათზე კი მონიტორინგის კომიტეტის წევრები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მივლენ.