"სასტუმრო თბილისი - მარიოტში" მიმდინარე ოპოზიციის შეკრებაზე დემოკრატიული თანამეგობრობისადმი მიმართვის ტექსტს განიხალავენ. შეხვედრა პრესისთვის დაიხურა.
მიმართვაში ოპოზიციური პარტიები მსოფლიოს დემოკრატიულ თანამეგობრობისგან საქართველოს საკითხზე საერთაშორისო კონფერენციის მოწვევას ითხოვენ.
"მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, მის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სახელმწიფო დაშლილია. ქვეყანაში დამყარებულია ავტორიტარულ-ტერორისტული რეჟიმი. ხელისუფლების ყველა შტო - მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო, ადგილობრივი თვითმმართველობა მოქცეულია პრეზიდენტის პირადი კონტროლის ქვეშ. პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მოქმედებს მკაცრი სახელისუფლო, რეპრესიულ-ტერორისტული მანქანა. მასმედიის საშუალებებზე დამყარებულია სრული სახელისუფლო კონტროლი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით მოსახლეობაზე ფსიქოლოგიურ ტერორს ახორციელებენ. ეწევიან ომის პროპაგანდას, რაც საერთაშორისო დანაშაულებრივ ხასიათს ატარებს. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი, დემოკრატიული გარემო, არ არსებობს თავისუფალ დემოკრატიულ გარემოში არჩევნების ჩატარების სამართლებრივი და პოლიტიკური გარანტიები. 13 მარტს უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის სცენარითა და დაკვეთით ტელეკომპანია "იმედში" გასულმა დანაშაულებრივმა "მოდელირებულმა ქრონიკამ" ცხადყო, რომ ავტორიტარული რეჟიმი შევიდა უკიდურესად საშიშ ფაზაში, რომელიც უდიდეს საფრთხეს უქმნის არამხოლოდ დემოკრატიულ განვითარებას, არამედ რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობას. ოპოზიციური სპექტრი თხოვნით მიმართავს მსოფლიო დემოკრატიულ თანამეგობრობას, საქართველოში შექმნილ უკიდურესად ფეთქებადსაშიში სიტუაციიდან გამომდინარე, მოიწვიონ საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს საკითხზე, სადაც მიღებული იქნება ქმედითი გადაწყვეტილებები დიქტატურის დასამთავრებლად და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის", - ნათქვამია მიმართვის სამუშაო ვარიანტში.