ოპოზიცია წინასაარჩევნო პერიოდზე მონიტორინგის გამკაცრებას და მედიამონიტორინგის დაწესებას მოითხოვს.
საკითხი საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას დააყენეს.
როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებმა განუცხადეს, მათიას იორშსა და კასტრიო ისლამთან შეხვედრისას განხილვის მთავარი თემა სწორედ თვითმმართველობის არჩევნები იყო.
"საჭიროა დაწესდეს მედიამონიტორინგი, რათა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი საეთერო დრო დაეთმოს", - აცხადებდნენ ოპოზიციონერები.
"საუბარი წინასაარჩევნო ვითარებას, საარჩევნო სისტემაში არსებულ ნაკლოვანებებს შეეხო. ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ მონიტორინგის კომიტეტის წევრები ამ საკითხებს ცესკოშიც დააყენებენ. ნათლად გაირკვა, რომ მათი მხრიდან აუცილებლად გაკეთდება განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებზე თითოეული მოქალაქის ხმა იქნება დაცული და დაიწყება არჩევნების სერიოზული მონიტორინგი", - განუცხადა ჟურნალისტებს ალასანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
გარდა ამისა, საუბარი საგარეო საფრთხეებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასაც შეეხო.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებისა და ოპოზიციის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეგახსენებთ, რომ იქამდე მათიას იორში და კასტრიო ისლამი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.