საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს გარე საფრთხეებზე და შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე მსჯელობენ.
ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლება ევროსაბჭოს საინფორმაცი ცენტრში მათიას იორშსთან და კასტრიოტ ისლამთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადეს.
როგორც შეხვედრის წინ "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა განაცხადეს, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემები თვითმართველობის არჩევნებისთვის მზადება და ამ კუთხით ხელისუფლების დაპირებების შეუსრულებლობა, ასევე ქვეყნის გარე და შიდა უსაფრთხოების საკითხები, რომელსაც სერიოზული პრობლემა 13 მარტს "იმიტირებულმა ქრონიკამ" შეუქმნა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები მათიას იორში და კასტრიოტ ისლამი დღეს, დილით ეწვივნენ.
დელეგაციის წევრებს დაგეგმილი აქვთ შეხვედრები სახალხო დამცველთან, სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილთან, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანთან, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, ეროვნულ უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან და საქართველოს პარლამენტის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებთან, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან. ასევე, მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილთან, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურ დირექტორ გიორგი ჭანტურიასთან და საპარლამენტო არხის ხელმძღვანელ დოდო შონავასთან.
ვიზიტის დასასრულს მათიას იორშსა და კასტრიოტ ისლამს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოს 24 მარტს დატოვებენ.