საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას "სიფხიზლისკენ" მოუწოდებს.
"მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას ფხიზლად იყვნენ და არ მოადუნონ ყურადღება", - განუცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს ჟურნალისტებს აფხაზეთში მიმდინარე რუსული სამხედრო ბაზების აქტიურ მშენებლობასთან დაკავშირებით და აქვე განმარტა, რომ ოფიციალური თბილისის მიერ საერთაშორისო საზოგადოება აღნიშნულის შესახებ მაქსიმალურადაა ინფორმირებული.
"რუსეთის ფედერაცია სამხედრო ბაზების მშენებლობის თაობაზე აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმებული ხელშეკრულების იმპლემენტაციას ახდენს. ჩვენ ვიცით, რომ იქ სამხედრო მობილიზაციასაც აქვს ადგილი, თუმცა დამატებით ინფორმაციას არ ვფლობთ. ერთადერთი, რაც ამის საპასუხოდ შეგვიძლია გავაკეთოთ საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებაა, რასაც ვახდენთ კიდეც", - განმარტა კალანდაძემ.
მისივე შეფასებით, საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს შესაძლებლობა და ბერკეტები "ზედამხედველობა აწარმოოს და ინფორმირებული იყოს აფხაზეთში, როგორც სამხედრო აღჭურვის, ისე რუსული კონტიგენტის ზრდის თაობაზე".