ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას დღეს, 16:00 საათზე შეხვდება.
შეხვედრა ცესკო-ში გაიმართება, სადაც მხარეები 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მზადების საკითხებს განიხილავენ.
საქართველოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები მათიას იორში და კასტრიოტ ისლამი დღეს, დილით ეწვივნენ.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ამ წუთებში საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს ხვდებიან.
გარდა ამისა, დელეგაციის წევრებს დაგეგმილი აქვთ შეხვედრები სახალხო დამცველთან, სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილთან, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანთან, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, ეროვნულ უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან და საქართველოს პარლამენტის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებთან, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან. ასევე, მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილთან, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურ დირექტორ გიორგი ჭანტურიასთან და საპარლამენტო არხის ხელმძღვანელ დოდო შონავასთან.
ვიზიტის დასასრულს მათიას იორშსა და კასტრიოტ ისლამს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოს 24 მარტს დატოვებენ.