რუსეთში მაცხოვრებელმა ჯავახეთის სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა, მოსკოვში შვეიცარიის საელჩოს ქართული სექციის წინ, სამცხე-ჯავახეთში მაცხოვრებელი სომხების უფლებების დაცვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.
თავად სომხური მედიის ინფორმაციით, პიკეტში მონაწილეობა 15 ადამიანზე მეტს არ მიუღია, იმის გამო, რომ ქალაქ მოსკოვის ხელისუფლებამ აქციის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდა.
"იმ სომხებმა, რომლებმაც აქციაში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლეს, საკონსულოს შენობის წინ საავტომობილო სვლა მოაწყვეს სირენებისა და სომხეთის დროშის თანხლებით. ქუჩაში ისინი გამვლელებს ბუკლეტებს ურიგებდნენ, სადაც საქართველოში სომხების უფლებების დისკრიმინაციაზე იყო საუბარი", _ იუწყება სომხური მედია.
მოსკოვში სომხების მიერ გამართული ამ პიკეტის ლოზუნგები იყო: "ჩვენ წინააღმდეგნი ვართ, საქართველოს ხელისუფლების მიერ ჯავახკის სომხების მიმართ გამოვლენილი დისკრიმინაციული პოლიტიკისა!", "თავისუფლება პოლიტპატიმარს ვააგ ჩახალიანს!", "სომხური ენა _ ჯავახკის რეგიონალური ენაა!".
პიკეტის მსვლელობისას, ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ასევე დააყენეს საკითხი სახელმწიფოთაშორისი კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც საქართველოში მაცხოვრებელი სომხების უფლებების დისკრიმინაციის საკითხებს განიხილავს. მათი მოთხოვნით ეს კომისია ოთხი სახელმწიფოს მონაწილეობით _ საქართველოს, სომხეთის, რუსეთისა და შვეიცარიის მონაწილეობით უნდა შედგეს.
მოსკოვის ჯავახეთის დიასპორის მიერ გავრცელებული განცხადებით, მსგავსი აქციები გაგრძელდება მანამდე ვიდრე არ იქნება მიღებული კონკრეტული ზომები სამცხე-ჯავახეთში, წალკაში და მთლიანად საქართველოში ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის ფაქტების აღმოფხვრისათვის.
რუსეთის მაცხოვრებელი ჯავახეთის სომხური დიასპორის წარმომადგენლები ასევე მოუწოდებენ საქართველოს ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა წარმომადგენლებს მხარი დაუჭირონ მათ მოთხოვნებს და აქციებს შეუერთდნენ.