დღეს, 22 მარტს, საქართველოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები მათიას იორში და კასტრიოტ ისლამი ეწვივნენ.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიუროს მიონახულებენ და ორგანიზაციის გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში ბორის ვოდზს შეხვდებიან.
სტუმრები ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს, მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს, საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურ დირექტორს გიორგი ჭანტურიას და საპარლამენტო არხის ხელმძღვანელს დოდო შონავას შეხვდებიან.
გარდა ამისა, დელეგაციის წევრებს დაგეგმილი აქვთ შეხვედრები სახალხო დამცველთან, სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილთან, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანთან, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, ეროვნულ უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან და საქართველოს პარლამენტის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებთან, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან.
ვიზიტის დასასრულს მათიას იორშსა და კასტრიოტ ისლამს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოს 24 მარტს დატოვებენ.