ლეიბორისტული პარტიის წინადადებასთან დაკავშირებით "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პოზიცია ხვალ, 22 მარტს გახდება ცნობილი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსპიკერმა ზაზა გაბუნიამ განუცხადა, მოძრაობის წარმომადგენლები "დიდ ოპოზიციურ შეკრებასთან" დაკავშირებით საბოლოო პოზიციებს დღეს, სამუშაო სხდომაზე შეაჯამებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ.
"ოპოზიციურ შეკრებას ჩვენი წარმომადგენელი, სავარაუდოდ, დაესწრება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ხვალ დილით გამოცხადდება. თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ შეკრებაში ნოღაიდელის მონაწილეობის გამო "ლეიბორისტების" წინადადებას არ მივიღებდით, მაგრამ ჩვენი პოზიციაა, რომ ნოღაიდელი არ გამოდგება ქართულ პოლიტიკაში "ლაკმუსის ქაღალდად", - განუცხადა გაბუნიამ "ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ ლეიბორისტული პარტია ოპოზიციურ სპექტრს დიდი ოპოზიციური შეკრების გამართვის წინადადებით მიმართავს, რომელზეც "ერთად იმსჯელებენ ქვეყნის კრისიზიდან გამოსვლის გზებზე".
შეკრება ხვალ, 22 მარტს, "თბილისი მარიოტში" გაიმართება და მას თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დაესწრება.