ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საზღვრებთან ამ დროისთვის სიმშვიდეა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო სამართველოს უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა განუცხადა, მიუხედავად ცხინვალში დღეს დაგეგმილი ოპოზიციის მიტინგისა სეპარატისტებს ე.წ. საზღვრებზე დამატებითი ძალების მობილიზება არ მოუხდენიათ.
"ამ დროისთვის რეგიონში სიმშვიდეა. ე.წ. საზღვრებზე კი ოსი სეპარატისტების მიერ დამატებითი სამხედრო ძალების მობილიზება არ აღინიშნება. რაც შეეხება ქართულ მხარეს, დამატებითი ძალების განლაგების აუცილებლობას ვერც ჩვენ ვხედავთ", - აღნიშნა ჯუღელმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ცხინვალის ცენტრში კოკოითის ოპოზიციის მიტინგი იგეგმება.
როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე. წ. შს სამინისტროში აცხადებენ "გარე ძალების ნებისმიერი მცდელობა დაძაბონ რესპუბლიკაში არსებული სიტუაცია ძირშივე იქნება აღმოფხვრილი სამართალდამცავი ორგანოების მიერ ყველაზე ხისტი მეთოდების გამოყენებით".
ამას გარდა, ცხინვალის ე. წ. მერიამ მიტინგის ორგანიზატორებს უარი განუცხადა მიტინგის ჩატარების ნებართვის გაცემაზე. ე. წ. მერიაში აცხადებენ, რომ მიტინგის ჩატარების განაცხადი "სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის სრული დარღვევით იქნა შედგენილი. კერძოდ, მიტინგის ორგანიზატორებმა ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავეს".