რუსი ოკუპანტებისა და ოსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ახალგორის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალან ჯუსოევი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთის ვოლოგდის ოლქში იმყოფებოდა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ჯუსოევის ვიზიტი ვოლოგდაში მაცხოვრებელმა ოსურმა დიასპორამ დააფინანსა. მათივე ინფორმაციით, ჯუსოევი ვოლოგდაში ოლქის გუბერნატორის მოადგილემ ნიკოლაი ვინოგრადოვმა დაპატიჟა.
ოსური მხარის ინფორმაციით, ალან ჯუსოევის ვიზიტის მიზანი ახალგორის რაიონსა და ვოლოგდის ოლქს შორის ურთიერთობების დამყარება იყო. მათივე ინფორმაციით, ვოლოგდის ოლქი ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს სეპარატისტულ აფხაზეთთან.
"იქ ძალიან განვითარებულია მეცხოველეობა და ხე-ტყის გადამუშავება, რაც ჩვენ ასე ძალიან გვჭირდება.ვოლოგდის ოლქის ხელმძღვანელობას ჩვენი საქართველოსთან ურთიერთობებიც აინტერესებდათ", _ აცხადებს ჯუსოევი.
მისივე ინფორმაციით, მისი სურვილია ვოლოგდის ოლქის ხელმძღვანელობა საპასუხო ვიზიტით ჩავიდეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში. "ამის შემდეგ კი უკვე შესაძლოა თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებაც", _ დასძენს ჯუსოევი.