ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. მესაზღვრეებმა და რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დღეს საქართველოს 4 მოქალაქე ე.წ. საზღვრის ე.წ. უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს.
ამის შესხებ სააგენტო "რესი" იუწყება.
მათი ინფორმაციით, 07:10 საათზე სოფელ ქლეთთან ახლოს რუსის საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებმა და ოსმა სეპარატისტებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქე მამაკაცი და საქართველოს მოქალაქე ქალი დააკავეს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიიდან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდნენ. ასევე, 08:17 საათზე ახალგორის რაიონის სოფელ წინაგარასთან ახლოს ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესვლის მცდელობისას კიდევ ორი პირი იქნა დაკავებული, რომლებსაც თან პირადობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონდათ.
ოკუპანტების ინფორმაციით, დაკავებულებმა განაცხადეს, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან.
ამჟამად მიმდინარეობს ორივე შემთხვევის მოკვლევა. დაკავებულებს მოგვიანებით ცხინვალის რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს გადასცემენ.