საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულფულებიან ელჩს ჯ. ბასს, დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დ. კიფს, გერმანიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ჰ. გაბრიელს და საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მ. Bარანს შეხვდა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი იუწყება, შეხვედრაზე გრიგოლ ვაშაძემ უცხოელ დიპლომატებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არსებული მდგომარეობის და რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევის ფაქტების შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის სადესანტო ძალების გადასხმის და იქ მიმდინარე სამხედრო წვრთნების შესახებ. ხაზი გაესვა, რომ მსგავსი ინციდენტები საფრთხეს უქმნის სტაბილურობას და უსაფრთხოებას და წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციას.
შეგახსენებთ, რომ ნოვოროსიისკის სადესანტო ბატალიონმა სამხედრო წვრთნის ფარგლებში აფხაზეთის სანაპიროზე დესანტი გადასხა. ინფორმაცია ამის შესახებ საჰაერო-სადესანტო ჯარების პრესსამსახურის სამმართველოს პოლკოვნიკმა ალექსანდრე ჩერედნიკმა გაავრცელა.
მისივე ინფორმაციით, ანალოგიური სწავლებები მიმდინარეობდა აფხაზეთის სანაპიროსთან 2008 წლის აგვისტოში.
"აღსანიშნავია, რომ ამგვარი სამხედრო ამოცანების შესრულებას უკვე ერთხელ ჰქონდა ადგილი, მაშინ როდესაც აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოში ძალით მშვიდობოს დამყარების ოპერაცია დაიწყო", _ განაცხადა ჩერედნიკმა.
სწავლებში მონაწილეობა მიიღო ნოვოროსიისკში დისლოცირებულმა მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზიის 30-ზე მეტმა საბრძოლო მანქანამ და 400 მედესანტემ.
სწავლებები 19 მარტს დასრულდება.