სეპარატისტული აფხაზეთი 2010-2012 წლებში რუსეთის ფედერაციისგან სოციალ-ეკონომიკური განვითარებისათვის დახმარების სახით 3 მილიარდ რუსულ რუბლს მიიღებს. ხოლო საქართველოს მეორე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არსებული ობიექტების მშენებლობისა და რეკონსტრუქციისათვის 5,7 მილიარდი რუსული რუბლი გამოიყოფა. განცხადება ამის შესახებ დღეს რუსეთი რეგიონების სამინისტროს კოლეგიაზე სამინისტროს ხელმძღვანელმა ვიქტორ ბასარგინმა გააკეთა.
"მარტში დამტკიცდება 2010-2011 წლებზე გაწერილი აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული კომპლექსური გეგმა, რომელიც თავის მხრივ 3 მილიარდი რუსული რუბლის გამოყოფას ითვალისწინებს", _ განაცხადა ბასარგინმა და დასძინა, რომ 2010 წელს სრულდება "რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთის აღდგენის კომპლექსური გეგმის რეალიზება ობიექტების რეკონსტრუქციისა და მშენებლობის ნაწილში. ეს ის ობიექტებია, რომლებმაც მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესონ. ესაა: სკოლები, ენერგო და გაზის ობიექტები, საგზაო და საინჟინრო ინფრასტრუქტურა. ამ მიზნებისათვის ფედერალური ბიუჯეტდან 5,7 მილიარდი რუბლი გამოიყოფა".