ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი 3 დღეა, დასავლეთ საქართველოში იმყოფება და სამეგრელოსა თუ იმერეთში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას ხვდება. დღეს მინისტრი სამტრედიაში ყოფილ სასტუმრო "სამტრედიაში" მცხოვრებ დევნილებს ესტუმრა, რეაბილიტირებული და სრულად გარემონტებული ობიექტი დაათვალიერა და დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიაზე ისაუბრა.
ყოფილ სასტუმროში აფხაზეთიდან დევნილი 63 ოჯახი ცხოვრობს. აღნიშნულ ობიექტზე სრულად შეიცვალა კომუნიკაციები, გარემონტდა ყველა ბინა, გაკეთდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება, მოგვარდა წყლის პრობლემა, შეიცვალა სახურავი და როგორც დევნილები აცხადებენ, თუ აღნიშნული ფართი მათ საკუთრებაში გადაეცემათ, მათი ერთადერთი პრობლემაც მოგვარებული იქნება.
რიმა წულაია, აფხაზეთიდან დევნილი: "17 წელია, ამ შენობაში ვცხოვრობთ. ძალიან ცუდი პირობები გვქონდა. Kკიბეებს მოაჯიც კი არ ჰქონდა და ყველაზე მატად იმისი გვეშინოდა, რომ ბავშვები არ გადავარდნილიყვნენ. მთელი შენობა გაპარტახებული იყო. არც წყალი გვქონდა და მე-6 სართულზე ხელით ვეზიდებოდი. Eეს ყველაფერი მოგვიწესრიგეს. ინდივიდუალური სველი წერტილებიც კი გაგვიკეთეს. ვანაში მეტლახი დაგვიგეს და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. როგორც იქნა, ადამიანებს დავემსგავსეთ."
დევნილებმა აღნიშნული ფართის საკუთრებაში გადაცემის პირობა თავად მინისტრისგან მიიღეს. კობა სუბელიანი: "ყოფილი სასტუმრო "სამტრედია" ერთ-ერთი პირველი ობიექტია, სადაც მე მინისტრად დანიშვნის შემდეგ მოვედი. პრეზიდენტმა როგორც კი გამოაცხადა დევნილთა საცხოვრებელი ობიექტები გაარემონტეთ და საკუთრებაში გადაეცითო, არც აქ მაცხოვრებლებს და არც სხვებს სჯეროდათ, რომ აღნიშნული სიტყვა შესრულდებოდა. ფაქტი სახეზეა, რაც მაშინ საოცნებო იყო, დღეს მიღწეულია. ყველა ოჯახში შევაღწევთ, ყუდარღების გარეშრე არავინ დარჩება. აღნიშნული ობიექტი დევნილებს საკუთრებაში გადაეცემათ."