საგარეჯოში კომპანია „სილქნეტის" აბონენტებს სატელეფონო დავალიანების დაფარვა კომერციულ ბანკებშიც შეუძლიათ. როგორც კომპანია „სილქნეტში" განაცხადეს, საგარეჯოს 1200 აბონენტის ჩართვა კომპანიის ცენტრალურ ბილინგში წარმატებით დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „საქართველოს ბანკი" და „სახალხო ბანკი" „სილქნეტის" აბონენტებს ყოველგვარი საკომისიოს გარეშე მოემსახურებიან.
კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ცენტრალურ ბილინგში კახეთის სხვა მუნიციპალიტეტების სააბონენტო ბაზებიც ჩაირთვება. სატელეფონო დავალიანების გადახდა ბანკებში საქართველოს მასშტაბით CDMA უკაბელო ტელეფონის აბონენტებსაც შეუძლიათ.
კომპანია „სილქნეტი" სამი სატელეკომუნიკაციო კომპანიის - „გაერთიანებული ტელეკომის", „ვანექსის" და „აჭარის ელექტროკავშირის" გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა.