ფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში გაეროს წარმომადგენელს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს ანტი ტურუნენს შეხვდა. ტურუნენი აფხაზეთში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ, მეათე რაუნდთან დაკავშირებითაა ჩასული. ანტი ტურუნენმა ამ თანამდებობაზე იოჰან ვერბეკე შეცვალა.
"ჩემი ვიზიტის მიზანი აფხაზეთში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თქვენეული შეფასების მოსმენაა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა დისკუსიები გაგრძელდეს", _ განაცხადა ანტი ტურუნენმა ბაღაფშთან შეხვედრისას.
თავის მხრივ, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცადა, რომ აფხაზეთის ე. წ. ხელმძღვანელობა მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და მათში მონაწილეობის გაგრძელებას აპირებს.
"ჟენევის მოლაპარაკებები საჭიროა იმისათვის, რომ უსაფრთხოების, საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობის საკითხები იქნეს განხილული. ისინი ასევე საჭიროა რაღაც ეკონომიკური დერეფნების გახსნისათვის. თუმცა ჯერჯერობით ჩვენმა წინადადებებმა ვერავითარი მხარდაჭერა ვერ პოვა", _ განაცხადა ბაღაფშმა და დასძინა, რომ მიუხედავად დაპირებებისა აფხაზეთისთვის დახმარების შესახებ, როგორც კი აფხაზური მხარე საუბარს იწყებს მცირე ეკონომიკური პროექტების განხორციელებაზე, იგი ეკონომიკურ სანქციებს აწყდება.