"ეროვნული ფორუმი" 22 მარტს დაგეგმილ "დიდი ოპოზიციური შეკრებაში" მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ეროვნული ფორუმიდან" აცნობეს.
პარტიის პოლიტიკური მდივნის, ირაკლი მელაშვილის განცხადებით, აუცილებელი და დროულია ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეკრება და ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ მსჯელობა.
"ჩვენი აზრით, მსჯელობა როგორც ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასული სიუჟეტის უნდა შეეხოს, ასევე ადგილობრივი არჩევნების თემის განხილვა უნდა მოხდეს. ფაქტია, რომ დღეს არსებული ვითარებით, თუკი ოპოზიციას სურს გამარჯვება, არჩევნებში მონაწილეობას არანაირი აზრი არ აქვს, ვინაიდან ხელისუფლებას, მათი მხარდამჭერი მკვდარი სულების დახმარებით, 1/3-იანი "ფორა" აქვს. თუკი არჩევნებში მონაწილე ოპოზიციონერებისთვის მოქმედებს ოლიმპიური პრინციპი, ანუ მთავარია მათი მონაწილეობა და არა გამარჯვება, ეს სხვა საქმეა და ასეთი პოზიცია პარტიებმა ახლავე უნდა დააფიქსირონ", - აღნიშნა მელაშვილი.
მისი განცხადებით, ოპოზიცია რამდენიმე ერთიან მოთხოვნასა და მიზანზე უნდა ჩამოყალიბდეს. კერძოდ კი, პირველი მიზანი ნორმალური საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბება უნდა იყოს, ხოლო მეორე - რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქვეყანაში.