"ეროვნული ფორუმი" ეხმაურება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ინიციატივას "დიდი ოპოზიციური შეკრების" შესახებ. პარტიის პოლიტიკური მდივნის, ირაკლი მელაშვილის თქმით, აუცილებელი და დროულია ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა შეკრება და მსჯელობა ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ.
"ფორუმელთა" აზრით, მსჯელობა უნდა შეეხოს როგორც ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასული სიუჟეტის, ასევე ადგილობრივი არჩევნების თემას.
"ფაქტია, რომ დღეს არსებული ვითარებით, თუკი ოპოზიციას სურს გამარჯვება, არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, ვინაიდან ხელისუფლებას, მათი მხარდამჭერი მკვდარი სულების დახმარებით, 1/3-იანი "ფორა" აქვს. თუკი არჩევნებში მონაწილე ოპოზიციონერებისთვის მოქმედებს ოლიმპიური პრინციპი, ანუ მთავარია მათი მონაწილეობა და არა გამარჯვება არჩევნებში, ეს სხვა საქმეა და ასეთი პოზიცია პარტიებმა ახლავე უნდა დააფიქსირონ", - აცხადებს მელაშვილი.
"ფორუმელები" მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს რამდენიმე ერთიან მოთხოვნაზე.
"პირველი მოთხოვნა უნდა იყოს ნორმალური საარჩევნო გარემო, ხოლო მეორე - რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქვეყანაში", - მიიჩნევს "ეროვნული ფორუმის" პოლიტიკური მდივანი.