პრაიმერის ინიციატორი პარტიები მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი არველაძის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ.
როგორც ეროვნულ საბჭოში შემავალმა ლიდერებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, "იმედის" ეთერში 13 მარტს გასული იმიტირებული "ქრონიკით", რომელშიც რიგი პოლიტიკური პარტია, მათ შორის აღნიშნულ საბჭოში შემავალი მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" არასახარბიელო კონტექსტში იყო მოხსენიებული, "თავს დაზარალებულად ცნობენ", რაზედაც პასუხისმგებლობას ქვეყნის პირველს პირსა და არხის გენდირექტორს აკისრებენ.
"მომზადებულ სარჩელში მოსარჩელე მხარემ შესაძლებელია ის ელჩებიც ვიხილოთ, რომლებსაც აღნიშნულმა გადაცემამ ზიანი მიაყენა. იმიტირებულმა "ქრონიკამ" ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი კიდევ ერთხელ დარტყმის ქვეშ დააყენა და დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია, რასაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის არა ერთი წარმომადგენელი მიუთითებს", - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.
პრაიმერის ინიციატორი პარტიები საქალაქო სასამართლოში სარჩელს მომავალ კვირას შეიტანენ.