"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერობის კანდიდატის ოფიციალურად დასახელებას კანონით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე არ აპირებს.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საკუთარი კანდიდატების სიას, მათ შორის თბილისის მერის პოსტზე 30 მარტს - საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღეს წარუდგენს.
"30 მარტს მოხდება ოფიციალურად იმ კანდიდატების ცესკოსთვის წარდგენა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" რიგებიდან არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას", - განაცხადა ბაქრაძემ.
ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა იქნება.
"ალბათ საზოგადოებას გაუკვირდება, თუ თბილისის მერობის პოსტზე დედაქალაქის მოქმედი მერის კანდიდატურა არ იქნება დასახელებული", - განმარტა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას ახალი საარჩევნო მაქინაციების გამოგონებაში ადანაშაულებს. კერძოდ, როგორც "ქრისტიან-დემოკრატები" აცხადებენ, მოქმედმა მერმა - გიგი უგულავამ საარჩევნო კამპანია უკვე დიდი ხანია დაიწყო, თუმცა ამის დეკლარირება არ მოუხდენია. აღნიშნულ კონტექსტში, პოლიტიკური უმცირესობა ხელისუფლებას არჩევნებზე საკუთარი კანდიდატების დროულად დასახელებას თხოვს, რათა "ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ მოხდეს".