არასამთავრობო ორგანიზაციები „თი-ვი ემ-არ საქართველოს," დაჯარიმებას ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ შემოსავლის სამსახურმა არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, როემლიც დააზიანებს თავისუფალი და კონკურენტუნარიანი სარეკლამო ბაზრის განვითარებას. ამის შესახებ, ნათქვამია არასამთავრობო სექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, როემლსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: ,,შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი აგრძელებს ინვენტარიზაციას კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველოში," რომელიც ნილსენის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ლიცენზირებული წარმომადგენელია. შემოსავლების სამსახური კომპანიისგან კვლევაში მონაწილე 330 ოჯახის მისამართების გამჟღავნებას ითხოვს. აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ კომპანიას, არამედ, ზოგადად, სარეკლამო და სამაუწყებლო სექტორის განვითარებას. „თი-ვი ემ-არ საქართველო" ერთადერთი კომპანიაა ქვეყანაში, რომელიც სატელევიზიო რეიტინგებს ზომავს. რეიტინგები კი ტელევიზიებისთვის რეკლამის მოზიდვის უმთავრეს საშუალებას წარმოადგენს.
გუშინ საღამოს, მას შემდეგ, რაც აუდიტორების მოთხოვნებს არ დაემორჩილა, „თი-ვი ემ-არი" 800 ლარით დაჯარიმდა. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, შესაძლოა, უახლოეს მომავალში, მათ რამდენიმე ასეული ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისროთ. მათივე განმარტებით, კომპანიაში აუდიტი 2013 წელს ჩატარდა, რომლის დროსაც აუდიტორებმა კომპანიის ბოლო შვიდი წლის ფინანსები შეისწავლეს. აუდიტის შედეგად უმნიშვნელო დარღვევები დაფიქსირდა, რისთვისაც „თი-ვი ემ-არი" რამდენიმე ათასი ლარით დაჯარიმდა. წინა აუდიტიდან ერთი წელიც არ არის გასული, შემოსავლების სამსახური კი კომპანიაში ხელახალ აუდიტს ატარებს. ეს აჩენს კითხვას -რამდენად განპირობებულია შემოსავლების სამსახურის ქმედებები საგადასახადო დარღვევებთან დაკავშირებული ობიექტური რისკებით.
შემოსავლების სამსახურის აუდიტორები კომპანიისგან იმ ოჯახების მისამართებს ითხოვენ, რომლებსაც ქვეყნის მასშტაბით ეგრეთწოდებული "ფიფლმეტრები" აქვთ დამონტაჟებული. მოწყობილობა ტელევიზორს უერთდება და კონკრეტულ ოჯახებში ტელევიზორის ყურებადობის ჩვევებს ზომავს. ინფორმაცია კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ კონფიდენციალურია იმ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც მხარეები კვლევის დასაწყისში დებენ. უდავოა რომ კომპანია რამდენიმე ასეულ მსგავს მოწყობილობას ფლობს, თუმცა გაუგებარია როგორ დაეხმარება ამ მოწყობილობების ზუსტი მისამართები შემოსავლების სამსახურს კომპანიის ქონების ან საგადასახადო ვალდებულებების დადგენაში.
ამ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით „თი-ვი ემ-არ საქართველომ" შემოსავლების სამსახურს „ფიფლემტრების" ოჯახებიდან ამოღება და მათი ოფისში შემოწმება შესთავაზა. აუდიტორები კომპანიის შეთავაზებას არ დათანხმდნენ. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, წუხელ აუდიტორები ინფორმაციის ამოღებას ძალისმიერი მეთოდებით შეეცადნენ. მას შემდეგ კი რაც „თი-ვი ემ-არ საქართველოს" წარმომადგენლებმა მათ კლიენტებთან - ქვეყნის უდიდეს ტელეკომპანიებთან დარეკვა დაიწყეს და პროცესზე დასწრება სთხოვეს, აუდიტორებმა კომპანიის ოფისი დატოვეს.
შემოსავლების სამსახურის განცხადებით, აუდიტორები ვალდებულები არიან მოწყობილობები ადგილზე შეამოწმონ. თუმცა, კანონმდებლობის თანახმად, „საგადასახადო კონტროლის პროცედურებმა გონივრულ ფარგლებში არ უნდა დაარღვიოს პირის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ უნდა გააჩეროს მისი საქმიანობა." (საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 255-ე მუხლი, მე-3 პუნქტი). მისამართების გამჟღავნება კი კომპანიის საქმიანობას რამდენიმე თვით შეაჩერებს - „თი-ვი ემ არს" მოუწევს ახალი ოჯახების შერჩევა, რადგან მისამართების გამჟღავნება შეიცავს რისკებს, რომ კვლევაში ამჟამად მონაწილე ოჯახებზე ზეგავლენის მოხდენას შეეცდებიან. ამ გარემოებების გათვალისწინებით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ფინანსთა სამინისტროს დათანხმდეს კომპანიის ალტერნატიულ შეთავაზებას „ფიფლმეტრების" ოფისის ბაზაზე შემოწმებასთან დაკავშირებით, რათა არ შეექმნას საფრთხე კომპანიის არსებობას, ისევე, როგორც სატელევზიო აუდიტორიის კვლევას, რომელიც ტელევიზიების ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია.
თუ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის ხელისუფლებას, კვლევაში მონაწილე ოჯახების მისამართებზე ექნება წვდომა, ჩნდება საშიშროება, რომ ისინი შეეცდებიან კვლევის შედეგებით მანიპულირებას, რაც შეიძლება კვლევაში მონაწილე ოჯახების თვითცენზურაშიც გამოიხატოს, რის შედეგადაც ისინი კრიტიკულად განწყობილი არხების ყურებისგან თავს შეიკავებენ. აუდიტორიის კვლევების გარეშე კი, შეუძლებელია სატელევიზიო რეიტინგების ობიექტურად გაზომვა და, შესაბამისად, სარეკლამო სააგენტოებისთვის და უშუალოდ რეკლამის განმთავსებლებისთვის სანდო რეიტინგების მიწოდება, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს სატელევიზიო ბიზნესის ფინანსურ კოლაფსს.
მიგვაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურმა არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც ზიანს მიაყენებს საქართველოში თავისუფალი და კონკურენტუნარიანი სარეკლამო ბაზრის განვითარებას, რაც თავის მხრივ, პოლიტიკური ზეგავლენებისგან თავისუფალი მედიაგარემოს არსებობას უზრუნველყოფს. ხისტმა მიდგომამ შესაძლოა შემოსავლების სამსახურის დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმისადმი ნდობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს", _ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.