საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ საპატრიარქოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.
ჯაღმაიძის თქმით, სინოდის დღევანდელი სხდომა ეძღვნებოდა საორგანიზაციო საკითხების განსაზღვრას.
„სინოდის სხდომაზე განისაზღვრა გარკვეული პროცედურები შემდეგი სინოდისა და გაფართოებული კრების გასამართად. მათ შორის, ჩამოყალიბდა სამი კომისია – სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო. განისაზღვრება ამ კომისიებში შემავალი წევრების საკითხი. კომისიის სახელწოდებები თავად ლაპარაკობს ფუნქციაზე. პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებული პროცესი არ არის მარტივი პროცესი – უნდა დაითვალოს ხმები, მით უმეტეს, გაფართოებულ სხდომაზე ბევრი დელეგატი იქნება, მოწესრიგებულად უნდა იყოს ყველაფერი. არ უნდა დარჩეს ორაზროვნება არცერთ საფეხურზე. ამიტომ საორგანიზაციო კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი და საჭიროა შეთანხმება ამ თემებზე. ვიცით, რომ გაფართოებული სხდომა გაიმართება სამების ტაძარში, შემდეგი სინოდის სხდომა კი – 24 აპრილს.
"განათლების თემასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა მინიმუმ სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად. რაც შეეხება ასაკს, ასაკის შესახებ გადაწყვეტილება დღეს არ მიღებულა, არ გამოიკვეთა როგორ იქნება ინტერპრეტირებული ის ჩანაწერი, რომელშიც არაუმეტეს 70 წლისა არის აღნიშნული და შემდეგ სინოდის სხდომაზე, როდესაც სამი კანდიდატი იქნება გამორჩეული, მაგ დროს იქნება ამის შესახებაც მსჯელობა.
დღევანდელ სხდომაზე ასაკის საკითხი დაისვა, თუმცა რადგან ძალიან ბევრი სხვა საკითხი იყო, ამიტომ გადაწყდა, რომ შემდეგ სინოდის სხდომაზე იქნას უფრო კონკრეტულად მიღებული ამაზე გადაწყვეტილება. მსჯელობა იყო, უნდა ითვლებოდეს თუ არა 71 წელს მიღწეული ადამიანი ამ კატეგორიაში [პატრიარქობის კანდიდატად დასახელების ნაწილში], ამაზეა ჩამოსაყალიბებელი შემდგომში ეს მსჯელობა“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
ამასთან, ჯაღმაიძის ინფორმაციით, სწორედ ამ სხდომაზე მოხდება პატრიარქობის სამი კანდიდატის გამორჩევა
წმინდა სინოდის სხდომა, სადაც პატრიარქობის კანდიდატებს შეარჩევენ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ უნდა ჩაინიშნოს. შერჩული სამი კანდიდატი წარედგინება გაფართოებულ საეკლესიო კრებას, რომლის გამართვის თარიღიც, სავარაუდოდ, სინოდის ამ სხდომაზე დადგინდება.