აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის არც ერთ რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
აფხაზური ტელევიზიის ინფორმაციით, დენის გათიშვა ძლიერმა ქარმა გამოიწვია.
"ქარმა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრაში ელექტროგადამცემი ბოძები წააქცია, რის შედეგადაც მთლიანად განადგურდა ელექტროსადენები. ადგილზე დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები",- იუწყება აფხაზური ტელევიზია.
როგორც ადგილობრივი ენერგეტიკოსები აცხადებენ, სამუშაოებს რამდენიმე დღე დასჭირდება. ამ დროისთვის ელექტროენერგია მხოლოდ სოხუმს მიეწოდება.
მესამე დღეა ელქტროენერგია არ მიეწოდება ცხინვალის რეგიონსაც. საოკუპაციო რეჟიმის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილის სერგეი სანაკოევის განცხადებით, სარემონტო ჯგუფები ავარიის ადგილზე უამინდობის გამო ვერ მიდიან. რაიონი, სადაც ავარია მოხდა, თოვლითაა დაფარული.
მომხდარი ავარიის გამო ცხინვალი გათბობის გარეშეა დარჩენილი. ასევე შეფერხებულია მობილური კავშირიც.