ოსი უფლება დამცველის ვისარიონ ასეევის ინფორმაციით, როკის გვირაბთან შეიარაღებული ადამიანები გამოჩნდნენ.
მისი თქმით, კოკოითის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შსს-ს მიერ იარაღის ამოღების კამპანიას დაწყებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მასშტაბით კონტროლის გამკაცრება მოჰყვა.
"აღნიშნულთან დაკავშირებით ოსურმა მხარემ კონტროლზე როკის გვირაბიც აიყვანა, სადაც საკონტროლო-გამშვები პუნქტი გახსნეს. როკის გვირაბთან შეიარაღებული ხალხი გამოჩნდა, რომლებიც იქ არასდროს ყოფილან. ისინი ცხინვალის რეგიონში შემოსულ მოსახლეობას ჩხრეკენ, რაც სავარაუდოდ, 20 მარტს დაგეგმილ მიტინგს უკავშირდება", - განაცხადა ასეევმა.
მისივე შეფასებით, იარაღის ამოღების აქციაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის წინააღმდეგ კოკოითის ოპოზიციის გაქტიურებას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტების ე.წ. შსს-მ მოსახლეობას იარაღის ჩაბარება მოსთხოვა. ამ კუთხით ოსმა სეპარატისტებმა სპეცოპერაციების ჩატარება დაიწყეს და ამ დროისთვის იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით ათეულობით ადამიანია დაკავებული.