სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიროსლავ ლაიჩაკის განცხადებით, სლოვაკეთი ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს უვიზო რეჟიმის დამყარებას მხარს უჭერს.
ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველ კოლეგასთან, გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ სლოვაკეთი საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევას მიესალმება.
"სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ხელმოწერილი იქნება შეთანხმება სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და სამხრეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციაზე", _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და დასძინა, რომ მიროსლავ ლაიჩაკის ვიზიტი ხუთი თვის წინ იყო დაგეგმილი, მაშინ როდესაც პირადად იგი ბრატისლავაში იმყოფებოდა.
"შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობისა და, პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებით, ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები შესაძლოა სამაგალითოც იქცეს, თუმცა ეკონომიკური ურთიერთობები საწყის ეტაპზე იმყოფება", _ განაცხადა ვაშაძემ.
ამას გარდა, ვაშაძის განცხადებით, სლოვაკელ მინისტრთან ერთად, საქართველოში ჩამოვიდნენ სლოვაკელი ბიზნესმენები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს-ფორუმში.