"ქრისტიან-დემოკრატები" გიორგი არველაძის და ეკა წამალაშვილის სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ.
როგორც ფრაქციის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,”მოდელირებული ქრონიკის” შესახებ სატელეფონო ჩანაწერების სახით ახალი დეტალების გამოჩენა რეაგირებასა და გადამოწმებას საჭიროებს.
"თუ დადასტურდება საუბრის ავთენტურობა და არველაძის მიერ ვინმე მიშა ის მიშაა, ვინც ყველა ჩვენგანს ჰგონია, მაშინ სახეზე გვაქვს დანაშაულის ნიშნები, რადგან გამოდის, რომ პრეზიდენტი ჩარევას ახდენს არხის სარედაქციო პოლიტიკაში და ასევე უბიძგებს სხვებს, არ შეასრულონ მაუწყებელთათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები”, - აღნიშნა თარგამაძემ.
დეპუტატის შეფასებით, "მოდელირებულმა ქრონიკამ" პანიკა არა მხოლოდ საზოგადოებაში გამოიწვია, ასევე ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქართული ეკონომიკის განვითარებას საფრთხე შეუქმნა.
თარგამაძის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 54 მუხლის შესაბამისად, ინფორმაცია თანამდებობის პირების ქმედების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ინტერესებს ან ინფორმაცია, რომლის შესწავლა საზოგადოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შეიძლება გახდეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი.
"კომისიის ფორმატი საშუალებას მისცემს მის წევრებს, უცხოელი კრიმინალისტები მოიწვიონ, რომლებიც გავრცელებული აუდიოჩანაწერის ფონოსკოპიურ ექსპერტიზას ჩაატარებენ, რაც გაზრდის საზოგადოების ნდობას საკითხის შესწავლისადმი", - აღნიშნა თარგამაძემ და აქვე დასძინა, რომ "ქრისტიან-დემოკრატები" საკუთარი წინადადების კენჭისყრაზე გატანა მოითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები