ე.წ. სამხრეთ ოსეთის წუხანდელი ღამიდან ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი მთებში ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანება გახდა.
"როკის გვირაბის მიდამოებში, ძომაგის დასახლებული პუნქტის სიახლოვეს ზვავი ჩამოწვა. რის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზი ჩამოწყდა და ღამის პირველი საათიდან სამხრეთ ოსეთი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა", _ აცხადებს "ენერგორესურს-სამხრეთ ოსეთის" გენერალური დირექტორი ვადიმ გაბარაევი.
მისივე თქმით, მთელი ღამის განმავლობაში ენერგეტიკოსებმა ავარიის ადგილს ვერ მიაკვლიეს.
"ამჟამად ავარიის ადგილი უკვე ცნობილია და ამ ადგილამდე მისვლა მხოლოდ ფეხით შეიძლება, საღამოსათვის ავარია აღმოფხვრილი იქნება, იმ შემთხვევაში თუკი სამუშაოების მსვლელობისას კიდევ რაღაც საგანგებო ვითარება არ შეიქმნება", _ აცხადებს გაბარაევი.