აშშ-ის ვიცე-პრეზიდენის, ჯო ბაიდენის განცხადებით, "რუსეთი პასუხობს მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებს და საკუთარ ახალ როლზე ფიქრობს".
"იმედია, უახლოესი ათწლეულის განმავლობაში, რუსეთი მიხვდება, რომ მის ინტერესებშია დიდი ინტეგრაცია და არა რაიმე "განსაკუთრებული კურსი", რომელზეც ზოგიერთები ფიქრობენ", - განუცხადა ბაიდენმა რადიო "თავისუფლებას" და აქვე დააზუსტა, რომ რუსეთს რეალისტურად უყურებს.
რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის "გადატვირთვის" შედეგებს, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს "დააჭიროს ხელი გადატვირთვის ღილაკს და არა ღილაკს, რომელიც ყველაფერს წაშლის, მათ შორის მეხსიერებას".
მისივე თქმით, არსებობს ორი პრინციპი, რომლის განხილვასაც აშშ არავისთან აპირებს.
"პირველი მათ შორის არის ის, რომ არავითარი გავლენის სფეროები არ არსებობს. ჩვენ ვერ მოვითმენთ ამას და ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ. მეორე პრინციპი კი იმაში მდგომარეობს, რომ არავის აქვს უფლება ვეტო დაადოს ნებისმიერი სახელმწიფოს გადაწყვეიტლებას გაწევრიანდეს ამა თუ იმ კავშირსა თუ ორგანიზაციაში", - განაცხადა ბაიდენმა.