TAV Georgia-ს ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია თითქოს „პეგასუსის" ბორტი ასაფრენ ბილიკზე მოსრიალდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.
TAV Georgia-ში აცხადებენ, რომ ბორტის პრობლემის რეალურ მიზეზს მოკვლევა დაადგენს, თუმცა „პეგასუსის" ხომალდის მეთაურის წინასწარი ახსნა-განმარტებით, აფრენის შეწყვეტა გამოიწვია მარჯვენა ძრავის ტექნიკურმა გაუმართაობამ.
„მთელი ღამის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა დაგეგმილი რეისი შესრულდა შეუფერხებლად, კერძოდ: სტამბოლის, კიევის, ბაქოს, მინსკის, მიუნჰენის, დუბაის და ამსტერდამის მიმართულებით. ასევე აღნიშნული შემთხვევიდან 2 წუთით ავიაკომპანია „აერზენამ" შეასრულა რეისი ამსტერდამის მიმართულებით.
შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლი შეესაბამებოდა აფრენა-დაფრენის დაშვებულ ნორმებს. შეჭიდების კოეფიციენტი და ხილვადობა იყო დაშვებულ ლიმიტში, შეჭიდების კოეფიციენტი 0,42 ხოლო ხილვადობა 1200 მეტრზე მეტი.
„პეგასუსის" ბორტის ტექნიკურ გაუმართაობასთან დაკავშირებით, კომპანიამ ახალი ბორტის გამოგზავნის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც შეასრულებს რეისს თბილისი-სტამბოლის მიმართულებით.
აღნიშნული პრობლემის დროულად მოგვარების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა"- აცხადებენ TAV Georgia-ში.