საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გოკა გაბაშვილი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გუშინ გასულ იმიტირებულ "ქრონიკას" "უპასუხისმგებლობად" აფასებს.
"ეს იყო უპასუხისმგებლო რამ. აბსოლუტურად დაუშვებველია ადამიანის გრძნობებით და ემოციებით მანიპულირება. იმის მაგივრად, რომ მკაფიოდ ყოფილიყო მითითებული, რომ ეს იყო გამონაგონი და არავის უნდა დაეჯერებინა, პირიქით, ძალიან დამაჯერებლად იყო გაკეთებული. ასეთმა ქმედებებმა, შეიძლება, არა მხოლოდ მღელვარება გამოიწვიოს, არამედ კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტული პრობლემები შეუქმნას", - განუცხადა გაბაშვილმა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
"არ ვიცი როგორ მზადდება გადაცემა, ვინ არის მისი კონცეფციის შემმუშავებელი, ამიტომ ვერ ვიტყვი ეს ვისი შეცდომების ერთობლიობას წარმოადგენდა, თუმცა ვიცი, რომ ის, რაც ეკრანზე ვნახეთ აღმაშფოთებელი იყო", - დასძენს გაბაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები