შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმიანება. როგორც ზაქარეიშვილმა განმარტა მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი აფასებს საქართველოს ხედვებს და პოლიტიკას სოჭის ოლიმპიადის მიმართულებით.
"ლავროვი არ თვალთმაქცობს და პირდაპირ ამბობს სათქმელს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი აფასებს საქართველოს ხედვებს და პოლიტიკას სოჭის ოლიმპიადის მიმართულებით და ამით კმაყოფილები ვართ. რაც შეეხება ახალ რეალიებს, ის მართლაც არსებობს. რეალობა არის ის, რომ რუსეთი ვეღარ იქნება სამშვიდობო პროცესებში ჩართული, ის ვერ იქნება მესამე ძალა, როგორც ადრე იყო. რუსეთი არის აგრესორი, ოკუპანტი მხარე, საქართველო მკაფიოდ და უკანმოუხედავად მიდის ნატოსკენ და ამისთვის თვალის გასწორება მოუწევს რუსეთს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველოს მიერ რეალობის არაღიარება დაამუხრუჭებს და შეაფერხებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას.
მისივე განმარტებით, რეგიონში შექმნილი რეალობის შეცვლა შეუძლებელია.