საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ ოპოზიციის ლიდერებს ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც იგი ოპოზიციის წევრებს მოუწოდებს, დაყოვნებლივ მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას და საკუთარი მოსაზრებები და პრობლემები ხელისუფლებას ღიად გაუზიარონ.
წერილის მიხედვით, ბიზნესსაზოგადოება მიიჩნევს, რომ 9 აპრილის დემონსტრაციები საქართველოს ეკონომიკისათვის სახიფათოა და ამას კიდევ უფრო მძიმე შედეგების მოტანა შეუძლია.
"აგვისტოს ომმა უდიდესი დარტყმა მიაყენა ქვეყანას და დღეს მსოფლიო ფინანსური კრიზისით გამოწვეულ პრობლემებს ვებრძვით. უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში იკარგება სამუშაო ადგილები. ზემოჩამოთვილ ნეგატიურ მოვლენათა ჯაჭვმა ჩვენს ქვეყანას დააკარგინა პოტენციური ინვესტორები და საერთაშორისო პარტნიორები და უცხოური კაპიტალი. თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცის, რომ დაგეგმილია 9 აპრილის საპროტესტო დემონსტრაციების ფართოდ გაშუქება საერთაშორისო მედიის საშუალებით. დიპლომატიური მისიები ჩათვლიან, რომ აქცია დემოკრატიული ღირებულებების დემონსტრირების მორიგი მცდელობაა, მაშინ როდესაც პოტენციური ინვესტორები საქართველოს არასტაბილურ ქვეყანად მონათლავენ. ამის შედეგად დაზარალდება მხოლოდ საქართველო და მისი მოსახლეობა", - აღნიშნულია ფადი ასლის ღია წერილში.