პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქარაძემ მონაწილეობა მიიღო ვიულნიუსში გამართულ დემოკრატიული სახელმწიფოების საპარლამენტო ფორუმში. ფორუმის თემა იყო: "დემოკრატიის მნიშვნელობა სახელმწიფოების განვითარების გზაზე".
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე და ამ რეფორმების განხორციელებაში პარლამენტის როლზე. ბაქრაძემ ფორუმის მონაწილეებს დემოკრატიულ რეფორმების ფარგლებში ხელისუფლების მიერ განხორცილებული რამდენიმე ნაბიჯი გააცნო. კერძოდ, დეტალურად ისაუბრა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე და გატარებული რეფორმების საფუძველზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გაზრდის საკითხზე. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების პოლიტიკურ პროცესებში რაც შეიძლება მეტი ჩართულობა.
"არ არსებობს ჩვენი და თქვენი თავისუფლება. თავისუფლება ერთია და განუყოფელი, როგორც სახელმწიფოს წარმატების საწინდარი. ბალტიის გზამ, რომელიც 20 წლის წინ დაიწყო აჩვენა, რომ დემოკრატია არის გზა თავისუფლებისკენ, თუმცა თავისუფლების გარეშე დემოკრატია ვერ ჩამოყალიბდება", _ განაცხადა მან.
ფორუმში მონაწილეების გამოსვლებში საქართველოს თემა ერთ-ერთი აქტუალური იყო. მათი აზრით, საქართველოს დღეს რთული პერიოდი უდგას და ის ლიტვაში, 20 წლის წინ არსებულ მდგომარეობას შეადარეს, როდესაც ლიტვამ თავისუფლების საბოლოოდ მოპოვებისთვის 17-თვიანი ბრძოლის პერიოდი გაიარა. მათი თქმით, სწორედ ამიტომ, ევროპულმა სახელმწიფოებმა საქართველო არ უნდა მიატოვონ თავის ბრძოლაში, რადგან აქ დგას როგორც ქვეყნის თავისუფლების, ასევე დემოკრატიის დაცვის საკითხი.
ფორუმის მონაწილეები რეზოლუციის სპეცილურ ტექსტზე შეთანხმდნენ, სადაც საქართველოში არსებული სიტუაციაა ასახულია. დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება იმის თაობაზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს არა აქთ საშუალება ადგილებზე დაეხმარონ ადამიანებს, საუბარია ეუთოსა დ გაეროს მისიების მუშაობის შეჩერებაზე, ასევე რუსეთი მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეზღუდულ ფორმატზე. დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის დაფიქსირებული, რომ რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. ფორუმის მონაწილეები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ გააგრძელოს მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შემუშავებული ახალი სტრატეგიული კურსი, რომელიც გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული მოსახლეობის ურთიერთობების აღდგენას, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებთათვის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და პრივილეგიების თანაბრად მინიჭებას ითვალისწინებს.
დოკუმენტში დაფიქსირებულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. დოკუმენტს ხელი ვაშინგტონში მოეწერება.
დემოკრატიული სახელმწიფოების საპარლამენტო ფორუმის გახსნა ვიულნიუსში მიმდინარე ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაემთხვა. ფორუმზე გავრცელდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიდეომიმართვა, რომლითაც იგი ფორუმის მონაწილეებს მიესალმა.