აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გამოეხმაურა.
"წლევანდელ ანგარიშში ასახულია გარდამავალ ეპოქაში მყოფი ქვეყანა და საზოგადოება, რომელიც ოკუპაციისა და კონფლიქტის შემდეგ, ევროპასა და ჩრდილო-ატლანტიკურ რეგიონთან თანამშრომლობით, თავისუფალი საზოგადოების ნორმებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული მომავლის აშენებას ცდილობს. ანგარიშში საუბარია რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევაზე, აგრეთვე იმ სფეროებზე, სადაც საქართველოს მეტი პროგრესი ჭრიდება, რათა ადამიანის საყოველთაო უფლებების დაცვა უზრუნველყოს და ისეთ ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის აუცილებელი სტანდარტები დააკმაყოფილოს, როგორიცაა ნატო", - ნათქვამია ბასის განცხადებაში, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.
ბასის შეფასებით, ანგარიშში ცალსახად არის ნათქვამი, რომ ადამიანის უფლებები სეპარატისტულ რეგიონებშიც ირღვეოდა, თუმცა აღნიშნულია, რომ ეს რეგიონები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება.
ანგარიში ადამიანის უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ განთავსებულია მისამართზე: http://www.state.gov
ამასთან, ანგარიშის ნაწილი საქართველოს შესახებ და ელჩ ჯონ ბასის ვიდეოკომენტარი, თანდართული ტრანსკრიპტით გამოქვეყნებულია თბილისში აშშ-ის საელჩოს ინტერნეტ-გვერდზე http://georgia.usembassy.gov