2009 წლის 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ - გიორგი ონიანის, ნიკოლოზ გობეჩიას, დაჩი ცაგურიას და შალვა გოგინაშვილის მიმართ პოლიციის თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე საქმეები განიხილა.
აღნიშნული პირებს ბრალი ედებათ პოლიციის თანამშრომელთა გზის სავალი ნაწილის გათავისუფლების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და მათთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება.
"აღსანიშნავია, რომ დაჩი ცაგურიამ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ პოლიციის თანამშრომელთათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. სასამართლომ ასევე მოისმინა და შეაფასა პატრულ-ინსპექტორების - რომან ტორუას, მამუკა მაისურაძის, მამუკა ბლიაძის და სოლომონ ამირანაშვილის ახსნა-განმარტებები, მოწმის სახით დაკითხული და ადგილზე მყოფი სხვა პატრულ-ინსპექტორების - ლაშა ყიფშიძის, არჩილ ლონდარიძის და მაკა დადიანის ჩვენებები", -ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 მარტის დადგენილებებით "გიორგი ონიანი, ნიკოლოზ გობეჩია, დაჩი ცაგურია და შალვა გოგინაშვილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალიწინებული სამართალდარღვევის - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების კანონიერი მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობის - ჩადენაში დამნაშავედ ცნეს მათ და დაედოთ ადმინისტრაციული სახდელის 400 ლარის გადახდა დაეკისრათ"- ნათქვამია განცხადებაში.