საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გაეროს ბოლო მოხსენებამ დადასტურა რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური წმენდა განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მივესალმები გაეროს ბოლო მოხსენებას, ისევე როგორც ეუთოს მოხსენებას, რომელიც მიუხედავად საერთაშორისო ფაქტორების გათვალისწინებით დიდი ზეწოლის ქვეშ მაინც გაკეთდა. მოხსენებაში დასაბუთებულია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკური წმენდაა ჩადენილი და აგრესორის ბრალდებები საქართველოს მიმართ უარყოფილია, თითქოს ჩვენი მხრიდან რაიმე გადაცდენას ჰქონდა ადგილი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ყველა საერთაშორისო მოხსენება ადასტურებს საქართველოს სამართლიანი მოქმედებას, მიუხედავად იმისა, რომ "ეს ერთ ადგილზე არ მოეწონათ".
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი თბილისს დღეს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ტუსკმა პირველი შეხვედრა ქართველ კოლეგასთან ნიკოლოზ გილაურთან გამართა, რის შემდეგაც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულების მემორიალი გვირგვინით შეამკო. მან შეხვედრები ოპოზიციისა და ევროკავშირის მონიტორინგის წევრებთანაც გამართა. დღესვე პოლონეთის პრემიერმა ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი დაათვალიერა. პოლონეთის პრემიერი თბილისს 12 მარტს დატოვებს.