საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო რეგიონში ყველაზე საინტერესო ქვეყანაა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"საქართველომ მიუხედავად ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციისა და მიუხედავად იმისა, რომ 500 ათასამდე ჩვენი მოქალაქე საკუთარი სახლებიდან გამოძევებულია, მოახერხა საბრძოლო, ოპტიმისტური სულისკვეთებისა და მომავლის რწმენის შენარჩუნება", - განაცხადა სააკაშვილმა და დასძიანა, რომ საქართველო რეგიონში ყველაზე საინტერესო ქვეყანაა, ისევე როგორც პოლონეთი ევროპაში ყველაზე სწრაფად განვითარებადი.
"საქართველო რეგიონში ყველაზე საინტერესო ქვეყანა და ეს მსოფლიო ბანკმა და ევროკაშირმაც დააფიქსირა. ჩვენ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ყველაზე წამატებული ქვეყანა ვართ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი თბილისს დღეს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ტუსკმა პირველი შეხვედრა ქართველ კოლეგასთან ნიკოლოზ გილაურთან გამართა, რის შემდეგაც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულების მემორიალი გვირგვინით შეამკო. მან შეხვედრები ოპოზიციისა და ევროკავშირის მონიტორინგის წევრებთანაც გამართა. დღესვე პოლონეთის პრემიერმა ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი დაათვალიერა. პოლონეთის პრემიერი თბილისს 12 მარტს დატოვებს.