ხორვატიაში ფართომასშტაბიანი საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს. ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის წევრი, ამჟამად დამოუკიდებელი ქვეყანა ხორვატია ევროკავშირში გაწევრიანებას ზეიმობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
დღეს, ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ევროპული ქვეყნების ლიდერები ჩადიან. დღეს, 1-ლ ივლისს, ხოვატია ოფიციალურად გახდება ევროკავშირის 28-ე წევრი ქვეყანა.
ქვეყნის ყველა მსხვილი პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს ხორვატიის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა, როგორც ბი-ბი-სის კორესპონდენტი აღნიშნავს, დიდი სიხარული რიგით მოქალაქეებს შორის არ შეიმჩნევა. ქვეყანაში უმუშევრობის დონე რეკორდულ ნიშნულს აღწევს. ხორვატიას მოუწია ძალიან მძიმე რეფორმების გადატანა და ამის ფონზე გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ რიგითი ხორვატების აღტაცება ევროკავშირით, ოდნავ გაფერმკრთალებულია.
ევროკავშირი გაფართოების პოლიტიკას განაგრძობს. ხორვატია ალიანსის 28-ე წევრი იქნება. ევროპის გაერთიანება საკუთარ რიგებში მისაღებად ოფიციალურ მოლაპარაკებებს იწყებს სერბეთთან და ასევე აპირებს, კოსოვოს მიანიჭოს ასოცირებული წევრის სტატუსი. გარდა ამისა, შემოდგომაზე თურქეთის ალიანსში გაწევრიანების მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყება.