შეერთებულმა შტატებმა მშვიდობიანი მომიტინგეების მკვლელობის გამო, ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სანქციები გავლენას მოახდენს ირანის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცხრა გემზე, ასევე მათ მფლობელ კომპანიებზე.
„დღეს, მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევებისა და ირანელი ხალხის წინააღმდეგ ძალადობის დასამალად ინტერნეტზე წვდომის სრული გათიშვის ფონზე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი [OFAC] რეჟიმის „ჩრდილოვან ფლოტზე“ ზეწოლას ზრდის", - აღნიშნულია განცხადებაში.
სანქცირებული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების ყველა ქონება და აქტივი, რომლებიც მდებარეობს შეერთებულ შტატებში ან აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაში ან კონტროლშია, დაიბლოკება.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში აღნიშნავენ, შეზღუდვები ირანის რეჟიმის შემოსავლების შემცირებას ისახავს მიზნად.
„ეს შემოსავალი, რომელიც კანონიერად ირანელ ხალხს ეკუთვნის, რეგიონალური ტერორისტული დაჯგუფებების, შეიარაღების პროგრამებისა და უსაფრთხოების სამსახურების დასაფინანსებლად იხარჯება და არა იმ ძირითადი ეკონომიკური მომსახურებისთვის, რომელიც ირანელმა ხალხმა მამაცურად მოითხოვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
გასულ კვირას აშშ-ის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც მიმართული იყო იმ პირების მიმართ, რომლებმაც ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები სასტიკად ჩაახშეს.