"არტისტერიუმზე" ნაკლებად დავინახე აქტუალობა იმის, რომ ის ქართულ "არტს" რამეში წაადგება", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კორძახიამ.
"არტისტერიუმის" ფარგლებში დედაქალაქის თითქმის ყველა საგამოფენო სივრცეში, ფერწერული და გრაფიკული ტილოების პარალელურად, ინსტალაციები და პერფორმანსებია წარმოდგენილი.
"მივესალმები ამდაგვარ სიახლეებს. ეს არის სხვა ენა, შემოტანილი ქართულ არტში, პირადად ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, იმიტომ რომ მე სურათები მიყვარს, ვიდეოარტი და ინსტალაციები - ნაკლებად. რეალურად ვერ ვნახე ქართულ არტ-რეალობაში ყველა ამ ღონისძიების გაგრძელება. ეს მარტო საჩვენებელი მოედანი ხომ არ არის, ეს უნდა იყოს მაგალითი და წინ გადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა კორძახიამ.
თბილისში თანამედროვე ხელოვნების მეოთხე საერთაშორისო გამოფენა "არტისტერიუმი" 31 ოქტომბერს გაიხსნა და 12 ნოემბრამდე გრძელდება. "არტისტერიუმის" ფარგლებში სულ 80 ხელოვანის ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის 26 უცხოელის.
"არტისტერიუმზე" მნიშვნელოვანი ავტორები და პროექტები წარმოჩინდა, მაგრამ მე ნაკლებად დავინახე აქტუალობა იმის, რომ ის ქართულ არტს რამეში წაადგება. განკითხვის კი არა, დამკვირვებლის პოზიციიდან ვსაუბრობ. ეს არის უდავოდ კარგი პროექტი. ამდენი უცხოელის გამოცდილება იფინება თბილისში, მაგრამ სიმართლე გითხრათ, სნობური მისვლა-მოსვლის გარდა, ჯერჯერობით ამ ოთხი წლის განმავლობაში ვერაფერი დავინახე. არ მინახავს ამ თემის გაგრძელება. ურთიერთობები ღმერთმა მოგვცეს. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ურთიერთობები გვაქვს, "არტისტერიუმის" ორგანიზატორები ამისთვის მართლა არანორმალურად შრომობენ, როგორ დაინერგება ევროპული და მსოფლიო გამოცდილება, ეს არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კორძახიამ.
თბილისის საგამოფენო სივრცეში ნამუშევრები პოლონეთიდან, გერმანიიდან, აშშ-იდან, შვეიცარიიდან და საქართველოდან იყო წარმოდგენილი. მათ შორის იყო, გერმანელი მუსიკოსი და მხატვარი დიტერ მაიერი. როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა, "არტისტერიუმში" მან თავისი ბენდის ისტორია გააცოცხლა.
"გავაცოცხლე ჩემი ჯგუფის ისტორია. ქართველ ხალხს ვაჩვენე და გავუზიარე ჩვენი ისტორია. ჩემი ჰობი მეღვინეობაა. აქ რომ ჩამოვედი და ასეთი სილამაზე ვნახე, გავსინჯე თქვენი ღვინო აღფრთოვანებული დავრჩი. ძალიან საინტერესო კულტურის ქვეყანაა საქართველო", - აღნიშნა მან.
პროექტი წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმში დასრულდება, სადაც კონსტანტინე მინდაძე წარადგენს ნამუშევარს "ინტოკსიკაციები და ინსპირაციული ერორები".